Meduza: კრემლი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მობილიზაციასაც განიხილავს

პუბლიკა

MEDUZA-ს წყაროს ინფორმაციით, კრემლი მობილიზაციის გამოცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც განიხილავს.

გამოცემის ცნობით, პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ მათ უთხრა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გეგმავს ადამიანების გაგზავნას. წყაროს ცნობით, საუბარია ათასობით ადამიანზე.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“– განაცხადა სერგეი შოიგუმ.

21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ. რიგი დგას სახმელეთო საზღვრებთან; გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებზე.

იმავე დღეს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოსკოვიდან მინსკის, ერევნისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთები სრულად გაიყიდა. მაგალითად, „აეროფლოტისა“ და ავიაბილეთების ონლაინმაღაზიის Aviasales.ru-ს ვებსაიტებზე მოსკოვიდან მინსკისა და ერევნის მიმართულებით პირდაპირი ფრენისთვის ბილეთების შეძენა მხოლოდ მომდევნო დღეებში იყო შესაძლებელი.

LB loan image desktop LB loan image mobile