მეგრელიშვილმა მომწერა რომ ჩამოხვალ გადავიკვეთოთო. ეს იყო მთელი შეთანხმება - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონია.

„ალეკო ელისაშვილთან ჩემი შეხვედრა არ იგეგმებოდა, ასეთი რამ მე საერთოდ არ მსმენია. მე ვიყავი ამერიკაში, ვახო მეგრელიშვილმა მომწერა როდის ჩამოდიხარო, ვუპასუხე რომ შაბათს. მოდი რომ ჩამოხვალ გადავიკვეთოთო, ოკ – მივწერე. ეს იყო მთელი შეთანხმება.  ასევე იყო დეკემბერში, მომწერა ვახომ რაღაც იდეა მაქვსო, კი ბატონო, ოფისში ვარ გამომიარე მეთქი. გამომიარა ვისაუბრეთ, წავიდა”,- განაცხადა ვაშაზემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, თუ პოზიციების შეცვლაზე იქნება საუბარი, ეს ერთიან ოპოზიციურ ფორმატში უნდა მოხდეს და არა ცალკეულ აქტორებთან მოლაპარაკებების შემდეგ:

„ასეთი შეხვედრები ყოვლეთვის არის. სანამ ჩამოვედი ბოლოს წინა დღეს გავიგე გირჩი და ელისაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს ამ თემაზე, ისაუბრეს ამაზე, შემდეგ შეხვდებიან გიორგი ვაშაძესო, ჩემთან დაკავშირებით – 90%ით თანახმაა ამ საკითხზეო. ჩვენ ვართ მოლაპარაკებებში  „ქართულ ოცნებასთან” და არა ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან….

რომ ჩამოვედი გავაანალიზე რა ხდება საინფორმაციოში. შევხვედრივარ ვახოს და ხვალაც და ზეგაც შევხვდები მაგრამ არა ჟურანლისტებით რომ თითქოს რაღაცა ხდება განსაკუთრებული… თუ პოზიციების შეცვლაზეა საუბარი, ოპოზიციური ფორმატში ყველა შევხვდეთ და იქ ვიმსჯელოთ ასეთ საკითხებზე. ეს ხომ არ იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა. მით უემტეს არც გეგმაში მქონდა ალეკოსთან შეხვედრა” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვინ რა პოზიციაზეა ოპოზიციაში? – ამ შეკითხვაზე პასუხი აქტუალური კიდევ ერთხელ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შემდეგ გახდა.

„გირჩის“ იდეაა, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოაზრებული იყოს, როგორც ერთგვარი პლებისციტი – თუ მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ამ საკითხის განსახილველად, პარტია „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და ახლა ორივე პარტია ამ იდეას ერთობლივ გამტარებლად მოიაზრება.

ალეკო ელისაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი პარტია მოლაპარაკების გაგრძელებას სწორედ გიორგი ვაშაძესთან, შემდეგ კი „ლელოსა“ და სხვა პარტიებთან გეგმავს.

აპირებს თუ არა გიორგი ვაშაძე, შეხვდეს მათ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ  ნებისმიერ იდეაზე მსჯელობა უშედეგოა, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს რამე ნაბიჯს და არ დააფიქსირებს პოზიციას, მან პროცესს „წყლის ნაყვაც“ კი უწოდა. მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი საკითხი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.