მერებაშვილი: 2023-ის 9 თვეში ოჯახში დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 91%-ია

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის განცხადებით, 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 4 031 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ოჯახში დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა.

„2018-2023 წლებში საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან 2023 წლის 9 თვეში სასამართლომ 55% დააკმაყოფილა”. – თქვა ნათია მერებაშვილმა 9 თვის ანგარიშის წარდგენისას.

მან ასევე განაცხადა, რომ უწყებას შემუშავებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას.