მერკვილაძე: საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების გამო, ჩემ მიმართ აჭარის ტელევიზიამ დისციპლინური წარმოება დაიწყო

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. საუბარია მაია მერკვილაძეზე, რომელიც 15 მარტს თავისსავე სასამართლო პროცესს ესწრებოდა. სწორედ სხდომაზე დასწრება გახდა დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი.

მაია მერკვილაძის თქმით, 15 მარტს სასამართლოში აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ მისი საჩივრის საფუძველზე დაწყებული ერთ-ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. ის შეუძლოდ იყო, თუმცა, სხდომის მნიშვნელობის გამო, მაინც გადაწყვიტა დასწრება.

ბიულეტენზე მყოფი მივიდა პროცესზე, რომელიც გადაიდო. მისი იქ მისვლა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ერთი თვის თავზე ამ ფაქტის გამო მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყეს.

„ბიულეტენზე ვიყავი, მძიმე დიაგნოზი მქონდა – თავბრუსხვევები და წამლებზე ვიყავი. მაგრამ მაინც წავედი. ის ხალხი, ვინც დისციპლინური წარმოება დაიწყო, ესწრებოდა პროცესს და იქ ჩვეულებრივ არაფერი არ დაუფიქსირებიათ, არც უთქვამთ რამე.

20 აპრილს ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი თანამშრომლის პროცესს ვესწრებოდი – შორენა ღლონტის, რომელიც საინფორმაციოს უფროსი იყო. პროცესზე ერთ-ერთი გოგო მნიშვნელოვან რაღაცას იტყუებოდა და მე წამოვიყვირე, გაჩუმება ვერ შევძელი. ეტყობა, ეს არ მოეწონათ და 20 აპრილს დაიწყეს 15 მარტს რომ ვესწრებოდი, იმ ამბავზე წარმოება. ერთი თვე ხანდაზმულობის გასულია, მაგრამ მაინც დაიწყეს მოკვლევა.“ – ამბობს მაია მერკვილაძე.

მისივე თქმით, დისციპლინური წარმოების დაწყებას როგორც ანგარიშსწორების ბერკეტს, ისე იყენებს მაუწყებელი და სრულ სურათში კარგად ჩანს, რომ მაუწყებელი „დანაშაულს ჩადის თანამშრომლების წინააღმდეგ“.

მისი თქმით, მაუწყებლის ეს გადაწყვეტილება კანონთან შეუსაბამოა. დარღვეულია კანონით დადგენილი ვადები, რადგან ფაქტი ხანდაზმულია და ამასთანავე, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არ შეიძლება, საკუთარ პროცესზე მონაწილეობა იყოს.

„მაუწყებლის მენეჯმენტი არღვევს შრომის უფლებებს, ადამიანის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას… სასამართლო პროცესზე თავის დაცვის გამო, ასეთ რამეს გვიკეთებენ.“ – ამბობს მაია მერკვილაძე, რომელიც ამჟამად მაუწყებელში რადიოს ახალი ამბების საინფორმაციო გამოშვების რედაქტორია.

„პუბლიკა“ განმარტებისთვის დაუკავშირდა აჭარის მაუწყებელს. მათი თქმით, დისციპლინური დევნა წარმოების ეტაპზეა, თან საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება და ამიტომ მაუწყებელი განმარტებას არ აკეთებს.

LB loan image desktop LB loan image mobile