მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს - ხუნდაძე

პუბლიკა

„მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. “საქართველო უპირველეს ყოვლისა“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოცალურ ქსელში წერს.

„მსურს კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს. ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს.

ის რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე“,- წერს ხუნდაძე.

პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.