მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა „რამდენიმე კვირით“ ისევ გადაიდო

პუბლიკა

„ესე იგი, უკვე მეშინია დრო ვთქვა, თუ როდის დამთავრდება, იმდენჯერ მოხდა ვადის გადაწევა“, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნის შესახებ ჟურსნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, თავდაპირველად, როდესაც სამუშაოები დაიწყო, მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა, რომ არსებული ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და მოითხოვდა მთლიანად ახალი პროექტის განხორციელებას.

„დაახლოებით, 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები, თუმცა კომპანიამ მოითხოვა რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით ამას, რადგან ფაქტობრივად ყველაფერი ბოლოშია გასული და ძალიან მალე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.

„პუბლიკამ“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ჰკითხა, როდის გაიხსნება მეტროსადგური, თუმცა კომპანიაში კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და სადგური „რამდენიმე კვირაში“ გაიხსნება.


თბილისში მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა 2022 წლის ივნისში ისევ გადაიდო.  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებდნენ, რომ „გოცირიძე“ აგვისტოში გაიხსნებოდა.

მანამდე თბილისის მერია აცხადებდა, რომ მეტროსადგურზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმებოდა.

მეტროსადგურით მოქალაქეები 2 წელია, ვერ სარგებლობენ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.

მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.  სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.