ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ მთავრობასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, ჩასაბარებელი ყურძნის ფასში ცვლილება შეიტანონ.
კერძოდ:
მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში – 1.50 ლარი;
19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში – 1.30 ლარი;
დაბალკონდიციური ყურძენი: 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი – 1 ლარი;
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი – 90 თეთრი;
„16 გრადუსამდე არაკონდიციურად მიიჩნევა ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ; ფაქტობრივად, მკვახე ყურძენია. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს საიმისოდ, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯის დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი – 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით გადაითვლება და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, – თქვა ლევან მეხუზლამ.
კახეთში მევენახეების პროტესტი მეორე დღეა გრძელდება – ისინი ყურძნის ჩაბარებისას შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრულ ფასს აპროტესტებენ.
მევენახეების პროტესტის გამოიწვია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულმა ფასებმა.
- კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით იყო განსაზღვრული;
- არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი განისაზღვრა;
- 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრა;
- „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი დადგინდა;
- 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარი განისაზღვრა.
რა არის პრობლემური მევენახეებისთვის ამ საკითხში? – მევენახე ვახო ქურდაძე ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„[…] ვის ყურძენსაც 17% დაბალი შაქრის დონე გამოუვიდა, არც მას დაუკლია რამე პროცედურა ვენახისთვის და არც მას, ვისაც შედარებით მაღალი პროცენტი აქვს. ზუსტად იგივე ხარჯი ჰქონდა, რაც ყველა სხვას. როდესაც კილო ყურძენში 30 თეთრს გადაუხდი მევენახეს, 8 ტონა ყურძენზე (მეტს ვერ კრეფს 15-17 მშრომელი) დაახლოვებით 2400 ლარს იღებს. თუ ერთი დღე 2000 ლარი უჯდება, მოგება ხო მხოლოდ 400 ლარია. ამ მოგებამ უნდა დაფაროს ვენახის მოვლის და შეწამვლის ხარჯები, რომლის 30%-საც ვერ დაფარავს. რით უნდა იცხოვრობს ხალხმა, გვასწავლეთ ჩვენც. როგორ გადაიტანოს ეს ზამთარი?![…].
კახეთში მერვე კლასელი ბავშვი რომ გააჩერო, მაგანაც კი იცის, რომ შაქრის პროცენტულობის ტესტირებისას, დღის რომელ მონაკვეთში აკეთებ ტესტს, მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის არის სხვაობა 0.1-0.2 პროცენტი. თქვენ რას შვებით ამ დროს? ადამიანი მოვა, 21%- ან 17%-ს სულ რომ 0.1% დააკლდეს, ერთ დატვირთულ ავტომობილზე, 5000 ლარს არიდებთ ჯიბიდან.
გუშინ ჩემი ოჯახის წევრის ყურძენი გვქონდა მიტანილი. ჩვენ ჩვენი შაქრის პროცენტულობის საზომი ხელსაწყო გვაქვს – ,,ბრიქსი” იტალიური ფერარის წარმოების, რომლის ანალოგითაც ათობით წელი ხელმძღვანელობდა ყველა ქარხანა.
ათჯერ გავზომეთ შაქრიანობის დონე და ათჯერ 21.5, ან 22 % გამოვიდა (ადგილს გააჩნია და სველია თუ არა ყურძენი მაგას). მივიტანეთ ქარხანაში და ჰოი, საოცრებავ – გამოვიდა 19.8% ანუ, ზუსტად 3 წუთში, ვიღაც ჯიბიდან მარიდებს 5000 ლარს და თავად იდებს ჯიბეში. ვთხოვე მეორედ გაკეთება ტესტის, რაზეც სასტიკი უარი მივიღე. მერე ვთხოვე, რომ თავად აერჩიათ მტევნები და ლაბორატორიული წესით გავტესტავდით ადგილზევე და რა თქმა უნდა, ამაზეც უარი.
წამოვიღე ყურძენი სახლში. თავი დამცირებულად, მოტყუებულად და გაძარცვულად ვიგრძენი. გამოვუჩენ ამ ყურძენს პატრონს, ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხალხია და შეხვდებათ ცოტა-ცოტა, მაგრამ სამართალი სად ვნახოთ? […]”, – წერს ის.