მღვდლის თქმით, სტიქაროსანი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა და ვირუსის დადასტურებამდე ეკლესიაში დადიოდა

პუბლიკა

თემქაზე, ზღვის უბნის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე „მაესტროსთან” ინტერვიუში საუბრობს.

„ვადასტურებთ, რომ კორონავირუსი ჩვენი სტიქაროსანის ოჯახს დაუდგინდა. რამდენიმე კვირის წინ. როგორც გაირკვა, ბაბუამისს დაუდგინდა არა კორონავირუსი, არამედ ფილტვების ანთება. როგორც მე გავარკვიე სტიქაროსანთან და სტიქაროსნის დედასთან, ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი რჩევა ექიმებს არ მოუციათ და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ. მათი თქმით, ბაბუა უბრალოდ ხანში შესული ადამიანია, წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული და სახლიდან არ გადის.

ტაძრის წინამძღვარი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სტიქაროსნის ბაბუის კლინიკაში გადაყვანის შესახებ პარასკევს გაიგო და შაბათს მიიღო ინფორმაცია, რომ ბაბუამისს  კორონავირუსი დაუდგინდა. „შაბათი დღიდან, როდესაც მე შევიტყვე სტიქაროსნის ბაბუის ვირუსის დადასტურების შემთხვევის ფაქტი, სტიქაროსანი ტაძრიდან დავითხოვე. ამ შაბათ-კვირის განმავლობაში, სტიქაროსანს პირადად არავისთან ჰქონია შეხება და არანაირი ურთიერთობა. სანამ ბაბუამისს დაუდგინდებოდა, ის მოდიოდა მსახურებაზე,  ამ ბავშვს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა“, – აღნიშნა მოძღვარმა.

მოძღვარი ამბობს, რომ გუშინ საღამოს გაიგო ინფორმაცია, რომ სტიქაროსანი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და გადის მკურნალობას. მას დადასტურებული აქვს COVID-19 და ეს ფაქტი ექიმებმაც დაუდასტურეს.

მამაო აღნიშნავს, რომ ითვალისწინებს ექიმების რჩევას და სახლში მარტო თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჟურნალისტის შეკითხვას – იცის თუ არა ეკლესიის მრევლმა სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ? – მოძღვარი პასუხობს, რომ ინფორმაცია დღეს მრევლსაც გააგებინეს.

მამა სერაფიმე ამბობს, რომ ვირუსი ეკლესიიდან არ გავრცელებულა – „ოჯახის დაუდევრობა არც ეკლესიის ბრალია და არც სასულიერო პირის…  როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იმ დღიდან საპატრიარქომ გადმოგვცა სადეზინფექციო ხსნარები და ყოველდღე ვატარებთ დეზინფექციას ტაძრის ტერიტორიაზე“, – აღნიშნავს მამა სერაფიმე.