მგონია, რომ იმპიჩმენტის საკითხი ჩვენი მხრიდან არ დადგება - მდინარაძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

„რაც შეეხება იმპიჩმენტს, მე მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებითაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა”

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას. და ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა, ის მაინც წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა.

მან თავადვე თქვა პრაქტიკულად, ფაქტი მოყვა იმდაგვარი, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული. რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი”, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, მისი თქმით, ეს არის პარლამენტის დისკრეცია, რაც ნიშნავს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, „აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა, მაინც და მაინც პრინციპულად დააყენონ საკითხი ამ კონკრეტული საკითხის გამო, თან ამ ვითარებაში – მოცემულობასა და კონტექსტსაც ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს. თუმცა ხაზგასასმელია მისი ჟესტი…”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს მთავრობასთან არ ჰქონდა „შეთანხმებული და გავლილი საკითხები” და შესაძლოა, ამან გამოიწვია წერილობითი უარი.


პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებისას პარლამენტში განაცხადა, რომ მას 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.