მიჩნდება განცდა, რომ სააკაშვილს ფულს უხდიან, როცა გიჭირთ, გამოვიდეს და სისულეები ისაუბროს - ნაცვლიშვილი „ოცნებას“

პუბლიკა

„განცდა მიჩნდება, რომ ვიღაც ფულს უხდის სააკაშვილს, როცა გაგიჭირდებათ, გამოვიდეს და სისულელეები ილაპარაკოს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ბედნიერები ხართ, რადგან სააკაშვილი ისევ გამოჩნდა ასპარეზზე. იმიტომ, რომ ისევ მთელი თქვენი ენერგიის, მთელი თქვენი ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრირება მოხდა სააკაშვილზე. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, დღეს არის მორალურად და ინტელექტუალურად გაკოტრებული უახლოესი ისტორიის საქართველოში. კომიკური ფიგურაა უკვე. დაანებეთ თავი ბუას შექმნას სააკაშვილისგან. მოდით, ჩვენ გაგვიწიეთ ოპონირება“, – მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობას.


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ის ბრუნდება.

„როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია, იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“, –  განაცხადა ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.

„ქართული ოცნება“ კი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სააკაშვილის ამ მიმართვას ასე გამოეხმაურა – „Miha hamodiii“.

უმრავლესობის წევრებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სააკაშვილის ვიდეომიმართვის შესახებ ისაუბრეს.