მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობა ამოიწურა - სტეფანჩუკი

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ონლაინშეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სტეფანჩუკი წერს, რომ პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში ვიზიტის მზაობა დაადასტურა.

„ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობა ამოიწურა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტარებს თავისი თვალით ნახონ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვიპოვით შეხების წერტილებს, ჩვენი ნათელი მომავლის მშენებლობის გასაგრძელებლად. ჩვენ ბევრად მეტი საერთო გვაქვს ვიდრე განმასხვავებელი“, – წერს სტეფანჩუკი.

შეხვედრას ეხმაურება შალვა პაპუაშვილიც.

სოციალურ ქსელში ის წერს, რომ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.

„შევთანხმდით, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. განვიხილეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. შევთანხმდით უახლოეს დღეებში ვიზიტზე უკრაინაში“, – წერს ის.