მინისტრი ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი სულხან თამაზაშვილი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა  და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.

პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს „სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები“, ასევე ისაუბრეს საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

„აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის და ძალადობის წამახალისებელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – ნათქვამია რელიზში.

სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებში ჩანან უწყების ის თანამშრომლები, რომლებიც „პუბლიკას“ უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

ფოტოზე: თამთა ქიმბარიშვილი, ოთარ გვიმრაძე, სანდრო კეპაშვილი, ელენა თოდუა

ფოტოებში ჩანს სამმართველოს ხელმძღვანელი თამთა ქიმბარიშვილი. ის საზოგადოებას აქამდე პროტესტთან დაკავშირებული არაერთი ადმინისტრაციული საქმის განხილვიდან ახსოვს.

თამთა ქიმბარიშვილი ფოტოზე მარჯვნივ

ფოტოებზე ასევე არიან ოთარ გვიმრაძე, სანდრო კეპაშვილი და ელენა თოდუა, რომლებიც მოქალაქეებს სამართალდარღვევის ოქმებს უდგენენ.

ფოტოზე: თამთა ქიმბარიშვილი, ოთარ გვიმრაძე, სანდრო კეპაშვილი, ელენა თოდუა

ჯერ კიდევ ივნისში, „პუბლიკამ” საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით სცადა, გაერკვია სამმართველოში დასაქმებული პირების შესახებ. შსს-მ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის” კანონზე მიგვითითა.

სამმართველოში დასაქმებულთა ნაწილის ვინაობის გასარკვევად „პუბლიკამ“ მათ მიერვე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებს მოუყარა თავი. ოქმის შემდგენელთა შორის იყო თათია კაცაძეც, რომელმაც „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამმართველოში აღარ მუშაობს.

„სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს მიერ სასამართლოში შეტანილ საქმეებზე შსს-ს ძირითადად იურიდიული დეპარტამენტის 5 იურისტი წარმოადგენს.

ესენი არიან: მარიამ კერესელიძე, სალომე ქირია, ანი კაკიაშვილი, ნათია გიგლემიანი და ანდრო გურული. სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ასევე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თენგო შაქარაშვილი და შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ახლადშექმნილი უწყებაა, რომელიც 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. ინიციატივის შესახებ საზოგადოებას მამუკა მდინარაძემ მაისის თვეში ამცნო.

მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულება იმგვარი გარემოს შექმნაა, სადაც დაცული იქნება „განსხვავებული აზრი და მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება“.

განვლილი ორი თვის განმავლობაში სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლომ არაერთი პირი დააჯარიმა. სოციალურ ქსელებში აქტივობების გამო დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ 6 ათას ლარამდეც მიაღწია. დააჯარიმეს ისეთი პირებიც, რომელთა კომენტარების ადრესატებსაც პრეტენზია არ ჰქონიათ.

სამმართველოს ამოქმედების შემდეგ, მედიისთვის ცნობილი გახდა Facebook-აქტივობების გამო დაპატიმრების ორი შემთხვევა – 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ჟურნალისტ ვახო სანაიას, აქტივისტმა გიორგი ახობაძემ კი იზოლატორში 25 დღე უნდა გაატაროს.

კომენტარებისა თუ პოსტების ადრესატები იყვნენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პირები და ა.შ.