მიშო ჯავახიშვილი: საქართველოს ჟიურიმ უკრაინას უმაღლესი შეფასება მიანიჭა

პუბლიკა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საქართველოს ეროვნული ჟიურის წევრი მიშო ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ჟიურიმ უკრაინას უმაღლესი შეფასება, 12 ქულა მიანიჭა და ევროვიზიის სცენაზე გამოცხადებული ინფორმაცია, რომ უკრაინას საქართველოსგან ექვსი ქულა მიენიჭა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მიშო ჯავახიშვილის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ტურების წინა დღეს ტარდება კონკრეტული გენერალური რეპეტიცია. ეს ფაქტობრივად არის პირდაპირი ეთერის რეჟიმში, სადაც ეროვნული ჟიური ყველა ქვეყანაში იკრიბება და აფასებს სხვა მონაწილეს, საკუთარ ქვეყანას – არა.

რადგან საქართველო ფინალში სამწუხაროდ არ იყო, შეიკრიბა ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელიც მაუწყებელმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი წევრი მე გახლდით და დაიწყო გენერალური რეპეტიციის შეფასება. ამ შეფასებაში ვერავინ ახდენს ვერანაირ ცვლილებას. ეს არის თითოეული წევრის პირადი გადაწყვეტილება.

წესია, რომ ამ ყველაფერს ესწრება ნოტარიუსი, რომელიც შემდეგ ამ ყველაფერს ამტკიცებს. როგორც მოგეხსენებათ, კონკურსის დასრულების შემდეგ იწყება ჩართვები ყველა იმ ქვეყნიდან, რომელიც მონაწილეობს და ცხადდება ჟიურის ქულები.

გაურკვეველი მიზეზის გამო, ცხადდება, რომ ტექნიკური პრობლემა იყო, ოღონდ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხრიდან, რომელიც ორგანიზებას უწევს ევროვიზიის კონკურსს, ვერ მოხერხდა ჩართვა.

ეს ჩართვა, რომელშიც ჩვენს წარმომადგენელს უნდა გამოეცხადებინა, ყველაზე მაღალი ქულა ამ შემთხვევაში ვინ მიიღო, გუშინ გამართულ ღონისძიებაზე, ფინალში ვერანაირად ვერ მოხერხდა ლაივფორმატში. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, როგორც ჩანს, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და მიანიჭა კონკრეტული ქულა, რომელიც გამოცხადდა“, – განაცხადა მიშო ჯავახიშვილმა.

იტალიაში გამართულ ევროვიზია 2022-ის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა, სავარაუდოდ, წესების დარღვევით მისცა. შესაბამისად, მეორე ნახევარფინალსა და ფინალში ამ ქვეყნების ხმები სხვა ქვეყნების შედეგების მიხედვით გამოთვალეს, რომელთაც ხმის მიცემის მსგავსი ისტორია აქვთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ წესების დარღვევით ხმა მისცა შემდეგმა ქვეყნებმა: საქართველო, აზერბაიჯანი, პოლონეთი, მონტენეგრო, სან მარინო.