„მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით“ - ოხანაშვილი სააკაშვილის მიმართვაზე

პუბლიკა

„მოდით, ასე დავსვათ საკითხი – მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით, რაც სიმართლეს შეესაბამება, ამიტომ ეს არასერიოზულია“, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვაქცინებთან დაკავშირებით.

სააკაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინის დოზა მიიღო და შეუძლია, ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს.

„მე როგორც ვიცი, ფეიკია ეს. ჩაუწერეს სააკაშვილს და მისი სახელით დადეს. არასერიოზულია ეს განცხადება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს გამოეხმაურა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი დავით სერგეენკოც.

„ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მუდმივად უსვამს ხაზს. ქვეყნებმა, რომლებსაც ძალიან მაღალი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდათ, იმაზე მეტი რაოდენობის ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებოდათ. მათთან მოლაპარაკებები მაშინვე დაიწყო – როგორც პირდაპირი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გავლით. ასე რომ, მალტის შემთხვევა სიახლე არაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

მიხეილ სააკაშვილმა 27 იანვარს მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მთავრობას შესთავაზა წინადადება ვაქცინებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მალტას აქვს მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე სჭირდება და ის მოუწოდებს მთავრობას, მიმართონ მალტის მთავრობას და მიიღონ მათგან ვაქცინა უსასყდილოდ.