მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ის ჩამოყალიბდა გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის ნაწილად - ვოლსკი

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას აქტიურობა მისი სამსახურის გაუქმების გამო მიანიშნებს, რომ თოლორაია „გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის“ შემადგენელი ნაწილია.

„ველოდი, რომ ლონდა თოლორაია თავის კანდიდატურას დააყენებდა ერთ-ერთ პოსტზე, ამის ნაცვლად მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა მან.

გიორგი ვოლსკის აზრით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნაში არაკონსტიტუციური არაფერია.

„ქალბატონი ლონდა არის ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის გააფთრებული შეტევით ამ სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არც სამართლებრივად, არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად არ არის რაიმე ხინჯის მქონე“, – თქვა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ვერ იტყვის, რა ჰქვია პოლიტიკურ პლატფორმას, საიდანაც თოლორაია განცხადებებს აკეთებს – ესაა ენმ, „ლელო“, „საქართველოსთვის“ თუ მათი კოალიცია.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. სასამართლოში სარჩელი შეიტანა ომბუდსმენმაც.

თოლორაიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ინსპექტორის ნაცვლად შექმნილი სამსახურების უფროსების კონკურსში მონაწილეობას.