მივესალმები ამგვარი კანონპროექტის მიღებას - მორგოშია რუსული კანონის შესახებ

პუბლიკა

„მე მივესალმები ამგვარი კანონპროექტის მიღებას და მეტიც, მხარს ვუჭერ უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ჯგუფების არამხოლოდ „აგენტებად” რეგისტრაციას, არამედ მათი პოლიტიკური, ენჯეო თუ მედია საქმიანობის შეჩერებას“,- ამის შესახებ პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია facebook პოსტში წერს.

„კანონპროექტი, რომლის ირგვლივაც ამხელა ვნებათაღელვაა გამოწვეული, თავისი შინაარსით ძალიან საინტერესოა. აგრეთვე საინტერესოა შესწევს თუ არა “ქართულ ოცნებას” უნარი, ბოლომდე დაიცვას თავისი პრინციპები. იდეაში, ამ კანონის მიღებამდეც, შექმნილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, უკვე ნათელი და ცალსახაა თუ ვინ წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში, უცხო ქვეყნიდან მართულ აგენტურულ ქსელს“,- წერს მორგოშია.

გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“

კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობაში და გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დღის ბოლომდე პოლიციამ პარლამენტის გარეთ აქციის 36 მონაწილე დააკავა. მათ შორის იყვნენ “ტაბულის” და “პუბლიკის” ჟურნალისტები.