მივიღეთ დაპირება, რომ 22 საათის შემდეგ რესტორნების დაკეტვის გადაწყვეტილება გადაიხედება - ბიზნესმენი

პუბლიკა

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის განცხადებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მათ მიიღეს დაპირება, რომ 22 საათის შემდეგ რესტორნების დაკეტვის გადაწყვეტილება გადაიხედება.

“დაახლოებით 300 ათას ადამიანს ერთიანად ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა, იქიდან გამომდინარე, რომ დარტყმა ძალიან დიდია სამასპინძლო ბიზნესზე და ამ საკითხის განხილვა, ჩვენი შეხედულების შეთავაზება, აუცილებლად ჩავთვალეთ”. – თქვა მან ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ერთადერთი საკითხი, რომელიც ჩვენს შორის შეთანხმებას არ ექვემდებარება, არის დღგ-ს საკითხი. “მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გავაგრძელებთ ჩვენი შეთავაზებების გაკეთებას, იმიტომ, რომ ამ სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია როგორც ბანკებთან ურთიერთობა, ასევე დღგ-ს საკითხი და იმ სამუშაო ადგილების გადარჩენა, რაც დღეს მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკაში დიდწილს შეადგენს.

კონკრეტული დაპირება მიღებულია ბოლო რეგულაციის საკითხს გადახედვასთან დაკავშირებით, რომელიც 22:00 საათის შემდეგ რესტორნების დაკეტვას ეხება. ასევე, მიღებულია დაპირება ბანკებთან ურთიერთობის მიმართულებით, სფერო ბანკების მხრიდან პირდაირი წნეხის ქვეშ არის, არაფერი არ შეცვლილა კოვიდის სიტუაციის შემდეგ, სფეროს დიდი ნაწილი დამოკიდებულია საბანკო ურთიერთობებზე და აუცილებელია აქ სახელმწიფოს ჩარევა,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.