მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილებს, გადამალული ივანიშვილი დანაშაულებრივი გეგმისთვის გიყენებთ თქვენ - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომელმაც ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადო საგარეო პოლიტიკასაც ამ ლოგიკით ავითარებს. გახარიას თქმით, „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს და აპირებს, აგენტი უწოდოს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიმართა „ოცნების“ წევრებს, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული.

გთავაზობთ მის განცხადებას სრულად:

„დღეს საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს, ოკუპაციას – ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს.

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარაა. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს შეკითხვას: გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ყველას მათ, ვისაც გნსხვავებული აზრი აქვს.

„ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და ამისთვის მზადაა, ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ,  ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერსებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.

სწორედ ამიტომ, მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ, თქვენ უნდა იცოდეთ და გაიაზროთ, რომ ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული.

საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული მომავალი თაობების წინაშე.

ყველამ, ვინც შეიძლება განსხვავებულად ვაფასებდეთ წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენის სამშობლოს მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ! ვის როგორც შეგვიძლია, ერთად, ცალ-ცალკე, დღეს ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს. ასევე ჩემ გუნდთან ერთად ვიწყებ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან ,რათა გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა გახარიამ.