მივმართავ სერგეენკოს, ხუნდაძესა და სხვა დეპუტატ ექიმებს, მომინახულეთ, როგორც პაციენტი - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ექიმ წევრებს მიმართავს, რომ მოინახულონ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და დასკვნაც გააკეთონ, როგორც პაციენტზე.

„მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე.

ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილი ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ მოსანახულებლად მისვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთონ და საჯარო დისკუსიები გამართონ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების!“, – აცხადებს სააკაშვილი.


„მისი მონახულება იგეგმება. გაიგებთ მალე, ვინ მოინახულებს“, – განაცხადა 4 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

სააგენტო IPN-ის ცნობით, სოზარ სუბარს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, რაზეც სუბარმა უპასუხა, რომ ეს ჟურნალისტების მიერ დასახელებული გვარებია, ხოლო თუ ვინ მოინახულებს, ეს მალე გახდება ცნობილი.

ამასთანავე, სუბარმა თქვა, რომ სააკაშვილის წამების შესახებ საუბარი „ანეკდოტების თემაში გადავიდა“.