„მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს "ოცნება", შევიდეთ და ერთჯერადად მხარი დავუჭიროთ, აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ“ - ახვლედიანი

პუბლიკა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრის, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ის რესპუბლიკელების ინიციატივაში “დრამატულს ვერაფერს ხედავს”. ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“მე ახლახანს გავეცანი ამ ინიციატივას და ორ რამეს გეტყვით, პირველი: ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი კატეგორიული მსჯელობისა, გარდა იმ საკითხებისა, რაც ეხება სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ახლა, აქ რაც ქალბატონმა სამნიძემ ბრძანა, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს “ოცნება”, შევიდეთ და ერთჯერადად მხარი დავუჭიროთო, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ.

ეს ნიშნავს ჩვენს ბოიკოტზე უარს? ეს ნიშნავს უარს ჩვენს გაცხადებულ განცხადებაზე, რომ არ გვინდა დეპუტატობა? რას ამბობთ. ღმერთმა ნუ ქნას, ხვალ რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგოპმარეობა, ჩვენ ხომ ყველა დავდგებით საქართველოს სადარაჯოზე, ვინ დავწერეთ განცხადება და ვინ – არა.

აქ, როცა საქმე ეხება წლების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინტერესს, ანუ დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას, ერთჯერადად, ამისთვის რატომ არ უნდა შევიდეს დეპუტატი და რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი, თუ შესვლის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ვერ ვხედავ წინააღმდეგობას.” – განაცხადა არმაზ ახვლედიანი.

საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია პარლამენტში მივლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

„ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას,  დარჩენას. ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი”, – განაცხადა მან.