მოკავშირეებმა კიევს დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდეს - პენტაგონი

პუბლიკა

„უკრაინის მოკავშირეებმა კიევს დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები და თვითმფრინავის ნაწილები მიაწოდეს, ფლოტის გასაძლიერებლად და უკრაინის არსენალში არსებული დაზიანებული თვითმფრინავების შესაკეთებლად“, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუმცა მანვე აღნიშნა, რომ აშშ ამ ეტაპზე არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკრაინას თვითმფრინავები და თვითმფრინავის ნაწილები გადასცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას დაამტკიცა უკრაინისთვის გადასაცემად 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი, იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის.

ამასთან ერთად კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ  უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწვდის.

ნორვეგიის  თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნორვეგია უკრაინას „მისტრალის“ ტიპის 100 სარაკეტო სისტემას გადასცემს.

„მისტრალის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა არის ეფექტური იარაღი, რომელიც საზღვაო თავდაცვაში გამოიყენება და რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას“, – ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებაში.