მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის მსჯავრდებული გათავისუფლდა - GDI

პუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ცნობით (GDI), სააპელაციო სასამართლომ მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად გააუქმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

„მსჯავრდებული 2018 წლის განაჩენით სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ ნარკოტიკული საშუალება მეთადონის წონით – 0.000417 გრამი, ამფეტამინის წონით – 0.002109 გრამის და მეტამფეტამინის წონით – 0.0002202 გრამის, უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის გამოსადეგ ოდენობას, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას”, – წერს GDI.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც საპატიმრო სასჯელის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

GDI ასევე აღნიშანვს, რომ ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობილი შინაარსი, ასევე ამოიკითხა, ამავე მუხლის პირველ ნაწილში. „სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ვერბალურად მხოლოდ 260-ე მუხლის მესამე ნაწილს ეხება, მან გაიზიარა დაცვის პოზიცია, რომ ნორმის შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, ყველა სხვა ნორმას აცლის ამავე შინაარსს, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო სხვა ნორმათა შინაარსის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს თუ არა”, – წერს ორგანიზაცია. 

GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს.

ორგანიზაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ციხე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა 14 ივლისსაც დატოვა.

საკონსტიტუციო სარჩელები „თეთრი ხმაურის მოძრაობისა” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ იყო მომზადებული. სასამართლოში მოსარჩელეების წარმომადგენლები იყვნენ ადვოკატი გიორგი მახარაძე და საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობისთვის.

„ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვონ მათი განაჩენების გადასინჯვა“, – ამბობს გოცირიძე.