მომეჩვენა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია რელიგიურ შეკრებებზე - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „TV პირველთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლების განცხადებები რელიგიურ შეკრებებთან დაკავშირებით მერყევია და მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია.

„მომეჩვენა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, ზღუდავს თუ არა რელიგიურ შეკრებებს. ეს არის მოთხოვნა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ იქიდან, რომ დღეს არსებული პანდემიის საშიშროებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ თავი შევიკავოთ შეკრებებისგან. მე პრემიერის პრესკონფერენციიდან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ არ აქვთ პირდაპირი მოწოდებები, რომ არ უნდა წავიდეთ შეკრებებზე, რადგან ეს არის სახიფათო ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, ბოლო დღეებში ხელისუფლების კომუნიკაცია მოსახლეობასთან იყო სუსტი.

„შერჩევით დამოკიდებულებასაც ჰქონდა ბოლო დღეებში  ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტი იყო ბოლო დღეების განმავლობაში კომუნიკაცია მოსახლეობასთან. დღეს გამოცხადდა, რომ გარკვეული ქალაქები ჩაიკეტება, მათ შორის დედაქალაქი და 3 მნიშვნელოვანი ქალაქი, თუმცა ამას არ მოჰყვა განმარტება. რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 აპრილიდან, 21:00-დან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. აკრძალვა 10 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.