მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი - მთავარეპისკოპოსი იაკობი

პუბლიკა

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ საზოგადოებას აუცილებლად მოუწევს რომელიმე მხარეს დადგომა; „შეშინებულები არ უნდა ვიყოთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს მაინც, ერთმანეთში შუღლი არ უნდა გვქონდეს“. მისივე თქმით, მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი.

„როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, რადგან არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა ბოლომდე დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც ნატოზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე. უბრალოდ, არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი. მე პირადად ასე მირჩევნია.

დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგას. არა მარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. 2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? მოასხდნენ თავზე და არიან ისე. ამიტომ მინდა ჩემს ერს მოგმართოთ – დავფიქრდეთ თუ რის წინაშე ვდგავართ. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა. შეშინებულები არ უნდა ვიყოთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს მაინც, ერთმანეთში შუღლი არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.