მოქალაქე ფოთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლის 9 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილი.

თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, 2020 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად. გვიან ღამით, როდესაც სახლში ფეხით ბრუნდებოდა, მის გვერდით გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ოდიშარია იჯდა. მისი დავალებით, ამავე განყოფილების სხვა თანამშრომლებმა იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე, ტრანსპორტირებისას, მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაშიც. თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციის თანამშრომელი, თორნიკე კაჭახმაძე. მოგვიანებით, თამაზ გრატიაშვილი დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც გარეგანი დათვალიერება ჩაუტარდა.” – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, მომხდარი ეცნობა ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამომძიებელი იმავე დღეს შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საიას ცნობით, იმავე დღეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში მასთან თორნიკე კაჭახმაძე შევიდა, განუმარტა, რომ სასამართლო განიხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და მოსთხოვა სასამართლოში ეღიარებინა, რომ ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში იგინებოდა, ილანძღებოდა და პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა. თამაზ გრატიაშვილი განმარტავს, რომ იძულებული გახდა სასამართლოში ეღიარებინა ის სამართალდარღვევა, რაც არ ჩაუდენია. სასამართლომ მას 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საიას ცნობით, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საია მოუწოდებს:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

  • უზრუნველყოს თამაზ გრატიაშვილის დაზარალებულად დროულად ცნობა და ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით;

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;
  • თამაზ გრატიაშვილის დასაცავად გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.