„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა უწყებას სათითაოდ მიმართეს განცხადებით, აღდგეს ინკლუზიური განვითარების სამმართველო.
„არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“ – ამ მოწოდებით შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები შენობასთან 14:00 საათიდან შეიკრიბნენ და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმება გააპროტესტეს.
მათი ძირითადი მოთხოვნებია:
- დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო!
- გადაწყვეტილებები მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით!
- შეწყდეს ჩუმად მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აზიანებს შშმ ადამიანებსა და მათ ოჯახებს!
განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო არ უქმდება, ის უბრალოდ დამოუკიდებლად აღარ იარსებებს და სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს შეუერთდება.
ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც „ოცნების“ განათლების სამინისტროს განცხადება ჩააბარა, ნატა ბუკიაა. ის ეტლით მოსარგებლეა.
„აქ მოსვლის დროს გამახსენდა ჩემი პირველი მოსვლა განათლების სამინისტროში. ეს იყო 2008 წელს, როცა ეტლით მოსარგებლე გავხდი და აღმოვაჩინე, რომ სკოლაში ვეღარ ვბრუნდებოდი, იმიტომ, რომ სკოლას არანაირი რესურსი არ ჰქონდა, მე სწავლა გამეგრძელებინა. მახსოვს, როგორ ავედი კიბეზე მაშინ ჩემს მშობლებთან ერთად. დღეს რომ მოვედი, დამხვდა ლიფტი, ავედი განცხადების ჩასაბარებლად, მაგრამ დამხვდა ძალიან მაღალი დახლი, საიდანაც თანამშრომლები მე ვერ მხედავდნენ.
და ეს არ არის შემთხვევითი – ძალიან სიმბოლურია. მართლა ვერ გვხედავენ, არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც განცხადებას იბარებენ. არა, ის ადამიანები, რომლებიც ოთახებში სხედან, ვერ გვხედავენ, იმიტომ, რომ არ უნდათ ჩვენი დანახვა. ამიტომაც მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ალამაზებენ ვითომ სტრატეგიებზე მიბმით. არ შეიძლება, ინკლუზია იყოს დამატება. ინკლუზია არის აუცილებლობა და პრიორიტეტი“, – უთხრა ნატა ბუკიამ „ტვ პირველს“.