„მოთხოვნები უცვლელია, ვიკრიბებით დღეს 6 საათზე“ | მედიის წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება

პუბლიკა

პარლამენტის შენობის წინ მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა შეაფასეს.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოთხოვნები უცვლელია, ისინი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ და დღეს, 6 საათზე მოქალაქეებს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე ელოდებიან.

„დღეს უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით და ერთად ვეტყვით ირაკლი ღარიბვაშილს, რომ წავიდეს თავის მინისტრებიანად“, – განაცხადა „TV პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა.

„სამარცხვინო პრემიერმა ღარიბაშვილმა არათუ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, არამედ ცინიკურად დასცინა საზოგადოებას, მეტიც გააფართოვა ჯალათების რიგი თავის მთავრობაში და წულუკიანი დანიშნა ვიცე-პრემიერად“, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ პრემიერის გამოსვლა, რომელიც არათუ მიმართული იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ, არამედ კიდევ ერთხელ წააქეზა ძალადობა“,  – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელმა ზურაბ გუმბერიძემ.


11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.