მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები საოკუპაციო ხაზთან - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლისა და აფხაზეთიდან გამოქცეული მოქალაქეების სოფელ ხურჩასთან დაკავების ფაქტს.

ორგანიზაციაში მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები საოკუპაციო ხაზთან და უზრუნველყოს მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების ჯეროვანი დაცვა.

„18 იანვარს ზუგდიდში, სოფელ ხურჩასთან რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოქცეული საქართველოს სამი მოქალაქე, ამათგან ორი ქალი, დააკავეს.

ადგილობრივების თქმით, რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 0.5 კილომეტრის მანძილზე შემოვიდნენ და სოფელ ხურჩასთან საქართველოს 3 მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს. ისინი ახალგაზრდებს სოფელ ნაბაკევიდან ხურჩაში გადმოსვლის დროს უკან დაედევნენ და ძალის გამოყენებით უკან წაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზი რვა რუსმა სამხედრომ მაშინ გადმოკვეთა, როცა ადგილზე საქართველოს სამხედრო პატრული აღარ იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა სამი ადამიანის უკანონო დაკავების ფაქტი და ასევე აღნიშნა, რომ სამივე პირი უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფება. თუმცა უსაფრთხოების სამსახურს არ განუმარტავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები, “- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC – ში ამბობენ, რომაღსანიშნავია, რომ უკანონო „ბორდერიზაციის“ კვალდაკვალ გადაადგილების თავისუფლება რეგულარულად იზღუდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და გატაცებები წლების მანძილზე დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, მათ შორის ხშირია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცების ფაქტები.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით უკანონო დაკავების დაახლოებით 86 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 27 ფაქტი.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აღრიცხავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რის შესახებაც ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობის ფიქსირდება, რაც სუს-ის ინფორმაციით უკანონო დაკავებების ჯამური შემთხვევების მხოლოდ 10-15% შეადგენს, “- ნათქვამია განცხადებაში.

EMC -ის მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია: 

  • საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოოს ინტენსიური მოლაპარაკებები და დიპლომატიური სამუშაოები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის აღდგენისა და გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვების მოსახსნელად;
  • საქართველოს ხელისუფლებამ გასწიოს დამატებითი პოლიტიკური და დიპლომატიური სამუშაოები, რათა გამყოფ ხაზებთან საერთაშორისო აქტორების ჩართულობით შეიქმნას რეგულარული დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ მუდმივი პატრულირება გამყოფ ხაზებთან და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.