მოვუწოდებთ შსს-ს გააუქმოს გადაწყვეტილება ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებაზე - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათილად ცნოს გადაწყვეტილება დავიდ ფრენკელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ და დააკმაყოფილოს ჟურნალისტის თხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თაობაზე.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2022 წლის 6 მარტს, დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების „მედიაზონის” ჟურნალისტი, დავიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

„ჟურნალისტთან კომუნიკაციისა და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნებოდა გამოყენებული: კოვიდ პანდემიის მართვიდან გამომდინარე სახელმწიფოში დადგენილი და მოქმედი რეგულაციები/შეზღუდვები – ვინაიდან დავიდ ფრენკელი სრულად ვაქცინირებულია. მას სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ყოფნისას თან ჰქონდა ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი; „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა – ჟურნალისტი არასდროს ყოფილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავიდ ფრენკელი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წელს და მას არ შეჰქმნია მსგავსი დაბრკოლება საზღვრის კვეთისას. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოში შემოსვლისას სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაბრკოლების პრაქტიკა, ქმნის ვარაუდს, რომ დავიდ ფრენკელს დისკრიმინაციულად, სწორედ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ მიეცა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.