მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული გამოძიებისკენ - NGO-ები მჟავანაძის საქმეზე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან სამართალდამცავების მხრიდან მოძრაობა „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორის, აქტივისტ გიორგი მჟავანაძის, უკანონო დაკავების, მის წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და  ძალადობის  შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ბოლო დროს, შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სამოქალაქო აქტივისტთა მიმართ სამართალდამცავების ქმედებები. თვითნებურად და დაუსაბუთებელად შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელების მიღმა, უკიდურესად პრობლემურია ის ძალადობრივი და აგრესიული ფორმები და მეთოდები, რომლებსაც პოლიცია იყენებს აქტივისტების თუ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, პოლიცია ხშირად, თავად გვევლინება ადამიანის ღირსებისა და მისი უფლებების დამრღვევად, რაც არსებითად უთხრის ძირს საზოგადოებაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას. პრობლემას ამძაფრებს პოლიციაში გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომიც, რისი მთავარი ფაქტორიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობაა“, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციაში არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოვლენა, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მის ჩამდენთა ადეკვატური დასჯა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

„სხვა შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ სამართალდამცავ სისტემაში არასათანადო მოპყრობა არის ხელისუფლების სისტემური პოლიტიკის  ნაწილი“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

უფლებები საქართველო (RG)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)


გიორგი მჟავანაძის განცხადებით, 2022 წლის 15 მაისს პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა და პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტის გადასაცემად დაიბარა. 17 მაისს გიორგი მჟავანაძე თბილისიისპოლიციის გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში გამოცხადდა, რა დროსაც, მისი თქმით, იგი დააკავეს და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებასამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი). შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, აგრეთვე უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ შიდა-დისციპლინური წარმოება.