„მშობლები ვითხოვთ გეგმას!" - კვირას მზიურში აქცია გაიმართება

პუბლიკა

„მშობლები ვითხოვთ გეგმას!” – კვირას, 24 იანვარს მზიურში აქციის გამართვა იგეგმება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ანონსის მიხედვით, აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, მთავრობამ წარმოადგინოს ხედვა ბაღებისა და სკოლების გახსნის შესახებ, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ასევე მშობლებისა და პედაგობების მდგომარეობა.

„უკვე მესამე სასწავლო სემესტრია საქართველოში დახურულია საბავშვო ბაღები, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებები. მთელი ამ ხნის მანძილზე, სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების Covid-19-ით ინფიცირების რისკები.

მშობლებს გააზრებული გვაქვს პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას, მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა, ვეყრდნობით რა UNICEF-სა და სპეციალისტების დასკვნებს, მიუღებლად მიგვაჩნია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით, ნათელი და თანმიმდევრული გეგმის გარეშე დახურვა.

2020 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ანტიკრიზისული გეგმა განათლების სექტორის გახსნას ყველაზე ბოლო ეტაპზე ითვალისწინებდა. ახლა კი, ჩვენთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა.

მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს, 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით:

1 თებერვლიდან: 

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება სკოლებში სასწავლო პროცესი.

1 მარტიდან: 

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1 მარტიდან [დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე].

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია 1 მარტიდან [დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე].