მსოფლიო ბანკის პროგნოზით, COVID-19-ის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება

პუბლიკა

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის პროგნოზebი გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებები, რომლებიც  ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და  ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის, სოციალურ დახმარებას  უზრუნველყოფს.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ პროგნოზები COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებით გაურკვეველია. ამიტომ ანგარიში იძლევა სიმულაციებს ეკონომიკური ზრდის შედეგების დიაპაზონის საილუსტრაციოდ, რომელთა მატერიალიზაცია შეიძლება მოხდეს პანდემიის გამო.

სცენარები მიუთითებს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი მოექცევა -4.4 და -2.8 პროცენტს შორის,  სანამ დაიწყებს აღმასვლას 2021 წელს დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებების გატარების, სასაქონლო ფასების თანდათანობითი აღდგენისა და ვაჭრობის გაძლიერების შედეგად.

„რაც შეეხება საქართველოს, მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ -ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯის ზრდით.

აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს. საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს – სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას“,– ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ფინანსური დახმარების სახით, დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში, ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად.

*მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ანგარიშში წარმოდგენილი სცენარები ემყარება 2020 წლის 20 მარტის მდგომარეობით ხელმისაწვდომ მონაცემებს.