მთავარი პრობლემა ის ადამიანები არიან, ვინც ამ სისტემას ქმნიან - კახა კოჟორიძე

პუბლიკა

„ბოდიში ლუკა”, „ამ ცხოვრების დედაც”, „აბა დამიჭირე”, – აქტივისტები ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ და ასფალტზე წარწერებს ტოვებენ. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” წევრები.

კახა კოჟორიძემ მედიასთან საუბრისას სისტემურ პრობლემა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ის ადამიანები არიან, ვინც ამ სისტემას ქმნიან. 

„სისტემა კლავს ბავშვებს. ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა გამომძიებელი კი არ არის, ვისი გვარიც ახლა ჟღერდება, მთავარი პრობლემა არიან ის ადამიანები, ვინც ამ სისტემას ქმნიან. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში რაღაც პრობლემები სამართლდამცავ სისტემებში ხდება, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისმის შემდეგი – როგორ რეაგირებს სისტემა? აფარებს ხელს დამნაშავეს, თუ იძიებს და სჯის. დასჯა მარტო იმიტომ კი არ არის საჭირო, რომ ჩვენ ვიღაცის ბოღმა გვჭირს და ის ციხეში უნდა წავიდეს. დასჯა არის მთავარი პრევენცია. მე დღეს ვიხსენებდი 2013 წელს, როცა მამუკა მიქაუტაძემ მოიკლა თავი. აიძულეს ცრუ ჩვენების მიცემა და მოიკლა თავი. მაშინ ვყვიროდით ამაზე და დღეს მისი დედა კიდევ მირეკავს ხოლმე ატირებული და აქვს იმედი, რომ გამოიძიებენ. ეს არის ის მახინჯი, მანკიერი სისტემა, რომელიც კლავს და ადამიანები ვერ იქნებიან უსაფრთხოდ. უნდა დაინგრეს ეს სისტემა”,  – განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმვკლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო სცადა, დღეს გარდაიცვალა. 

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.