მთავარია, შევამციროთ შიდა გადაცემის სიჩქარე, რათა ჯანდაცვის სისტემას მეტი დრო მივცეთ - გახარია

პუბლიკა

„გუშინ, გუშინწინ ჩვენ ვებრძოდით კორონავირუსის იმპორტირებულ შემთხვევებს. დღეს ჩვენ უკვე აშკარად გვაქვს რისკი შიდა გავრცელების. რაც ნიშანვს იმას, რომ ჩვენ უკვე ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. ეს უკვე სხვა რეჟიმს ნიშნავს, უკვე სხვა მენეჯმენტია ჩასართავი, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან და ა.შ.”, – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეჟიმი ნიშანვს იმას, რომ, როდესაც ქვეყანაში იქნება ვირუსის გადაცემის, ე.წ. მეოთხეული შემთხვევა, შანსები იმისა, რომ დავადგინოთ პირველი წყარო, მცირეა.

„ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ამისთვის ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად – გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულის რაოდენობის ზრდაში. ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ და ჩვენ მოქალაქეებს არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა… შიგა გადაცემა ნიშნავს, რომ არსებობს რისკი, რომ თუ, მაგალითად, დღეს ჩვენ გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად. ეს არის სულ სხვა რეალობა, შესაბამისად ის მიდგომები, რომლებიც უნდა ჰქონდეს მთავრობას, იქნება სულ სხვა და იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – ამბობს გახარია.

მისი თქმით, შესაძლოა შეზღუდვები კიდევ დაწესდეს ტრანსპორტის ნაწილში, ასევე შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები გავრცელდეს თავშეყრის ადგილებზე: მაღაზიებზე, მსხვილ სავაჭრო ცენტრებზე, ბაზრობებზე და ა.შ.

შიდა გავრცელების ვითარებაში კი გახარიას განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე არ იყოს მასშტაბური, რომ მიმართვიანობა არ იყოს ძალიან დიდი.

„ჩვენი ამოცანა არის მარტივი: შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ. იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და მეტი დრო, რომ დღეს უკვე ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მათზე ზეწოლა, მათთან მიმართვიანობის რაოდენობა არ იყოს პიკური, არამედ იყოს პლატოსებური, ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში, რაც უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმზე გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ. ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაშეც“, – განაცხადა გახარიამ.

LB loan image desktop LB loan image mobile