მთავრობის პოზიციის გამო ბალტიისპირეთში ერთ-ერთი ქართული პროდუქტი არ მიიღეს - EDA-ის წარმომადგენელი

პუბლიკა

„ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ (EDA) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გვანცა მელაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის პოზიციის გამო, ბალტიისპირეთში მოქმედმა მსხვილმა სავაჭრო ქსელმა უარი თქვა ერთ-ერთ ქართული კომპანიის პროდუქციის მიღებაზე.

„პოლიტიკური განწყობები შეიცვალა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა სავაჭრო ქსელმა არ მიიღო ქართული პროდუქცია იქიდან გამომდინარე, რომ აქედან არ წავიდა შესაბამისი მესიჯები“, – განაცხადა მელაძემ „ფორმულას“ ეთერში.

გვანცა მელაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან მისგან ნებართვა არ აუღია.

„ეს არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელი ბალტიისპირეთში და საკმაოდ აქტიური ქართული სურსათის ექსპორტიორი კომპანია, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად ყიდის ევროკავშირსა და განვითარებულ ბაზრებზე.[…] მესიჯი ასეთი იყო – როდესაც თქვენი მთავრობა პოზიციას შეიცვლის, შემდეგ განვაახლებთო. ეს ერთ-ერთი სიგნალია იმისა, თუ რამდენად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მესიჯებს“, – განაცხადა გვანცა მელაძემ.

მისივე თქმით, ის არ საუბრობს „ბორჯომზე“, რომელიც ისედაც რუსული კომპანიაა და მას სანქიები შეეხო.