მტკნარი სიცრუეა, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ - კალაძე

პუბლიკა

„დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდის შეტანის თაობაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად და ამის უკან ორი მეგობარი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეები დგანან!“,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ტვიტერზე“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის სანქცირებული პროდუქციისთვის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.