საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირების პროცესი იმართება. დღეს პოლიტიკოსმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
საბოლოო სიტყვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 2025 წლის საპროტესტო აქციით დაიწყო, როდესაც ის გარეთ გავიდა. მისივე თქმით, „ბუნებრივ ემოციას” არც დაგეგმარება სჭირდებოდა და არც „განსაკუთრებული წესრიგის შედგენა”.
მურთაზ ზოდელავამ დღეს სხდომაზე აღნიშნა, რომ ის ელოდება სასჯელს, როგორც ადამიანი,„სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან”.
„ჩვენ უხერხული პატიმრები ვართ იმის გათვალისწინებით, რომ იმ საზოგადოებამ, რომლის წიაღიდანაც ჩვენ ვართ რაღაცნაირად ეს შესაწირი, მსხვერპლი გაიღო ჩვენი სახით, დაახლოებით 70 ადამიანია. ახლა, ეს გადაღლილი და რეპრესირებული საზოგადოება, მაინც და მაინც, კომფორტს ვერ განიცდის, ჩვენ დაგვინახოს, ცოტა გულისხმიერიც იყოს…ჩვეულებრივი ამბავია, სამწუხაროდ ასეა, ამასაც უნდა დაძლევა, თავისებური მიდგომა, რომ ეს გავითავისოთ”
„პირადად მე, რაც შემეხება, რაღაც უფრო ადამიანურ ფაქტორებზე დავდექი, როგორც პატიმარი და ველოდები სასჯელს, როგორც ადამიანი, სრულიად დაცლილი ყველანაირი იდეოლოგიური შინაარსისგან” – თქვა მურთაზ ზოდელავამ.
ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა დღეს ასევე სოხუმში გატარებული პერიოდი გაიხსენა, სადაც მისი თქმით, პირველად „ორი საქართველოს” შეგრძნება გაჩნდა და დასძინა, რომ არც ერთ ქართველს მსგავს შეგრძნებებს არ უსურვებს.
„არ არსებობს ორი საქართველო…მე ჩემი ბავშვობა, ჩემი სიყმაწვილე, გავატარე ჩემს მშობლიურ ქალაქში – სოხუმში. იქ სამწუხაროდ, გაჩნდა ორი საქართველოს განცდა. მაშინ როდესაც აფხაზი ქართველები რუსეთმა რაღაცნაირად იდეოლოგიურად მოგვწყვიტა ჩვენ და გაჩნდა ეს შეგრძნება, რომ აი, ორი საქართველოა. ეს შეგრძნება ენდობოდა პირველ რიგში იმას, რომ გაჩნდა შიში. ალბათ, იმ მხარესაც, სავარაუდოდ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მე ქართული მხარეს შინაგან განცდებს ვიზიარებ, ბავშვი ვიყავი მაშინ.
ჩემს სოხუმში გაჩნდა შიში, რომ აი, ისინი ჩვენ [მოგვკლავენ] ან ისინი ჩვენ გაგვყრიან ჩვენი სახლებიდან. ეს რომ გაჩნდა, ეს შეგრძნება რომ გაჩნდა ქართველებში, სოხუმის ქართველობაში, როგორც ჩანს, რაღაც დოზით იქითაც გაჩნდა ეს შეგრძნება, სამწუხაროდ, მაგრამ ამ შეგრძნებამ შობა ორი საქართველო და ეს ორი საქართველო შემდეგ ერთმანეთს დაეჯახა იქ. ვიცით რაც მოხდა, როგორც მოხდა, რა ტრაგედიითაც დასრულდა და რამხელა დარტყმა მიიღო ქართულმა სახელმწიფომ, ქართველმა ერმა…ძალიან არ მინდა და არასოდეს ვუსურვებ არცერთ ქართველს, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ის, სახელისუფლებო თუ [მეორე] მხარეს, რომ იგივე შეგრძნებები გაუჩნდეს” – თქვა მურთაზ ზოდელავამ საბოლოო სიტყვაში.
ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მურთაზ ზოდელავასთან ერთად ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.