მზადდება დამატებითი საკარანტინო ადგილები, რადგან იტალიიდან ბრუნდებიან მოქალაქეები - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მთავარი აქცენტი პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნებასა და სასაზღვრო ზონებში კონტროლის გაძლიერებაზე კეთდება.

„მოვისმინე, თუ რა პრობლემატიკა შეექმნა ჩვენს გარკვეულ უწყებებს ამ მუშაობის პროცესში, რათა იდენტიფიცირებული ყოფილიყო ეს პრობლემები. მათ მიეცათ შესაბამისი დავალებები. მობილიზებული არის ბათუმსა და ქუთაისში ინფექციური საავადმყოფოები, ჩვენ გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, სადაც ამ ეტაპზე საჭიროება არ არსებობს. თბილისში მობილიზებულია როგორც ინფექციური, ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება საკარანტინო ქალაქებს, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საჩხერეში 200 ადგილამდეა გამოყოფილი, აბასთუმანსა და თბილისში მზადდება დამატებითი ადგილები.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ მოკლე ხანში დავამატოთ  საკარანტინო ადგილები, რადგან მოგზაურები იტალიიდან ეტაპობრივად ბრუნდებიან, ირანიდან მოგზაურთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში 87 პაციენტი რჩება.