ნაადრევია ქვეყნებისთვის Covid-19-თან ბრძოლაში გამარჯვების ან დანებების გამოცხადება - ჯანმოს დირექტორი

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ნაადრევია კორონავირუსის პანდემიაზე გამარჯვების გამოცხადება ან ვირუსთან ბრძოლაში დანებება.

„ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება თუ გამარჯვების გამოცხადება. ვირუსი სახიფათოა და ის ჩვენ თვალწინ განიცდის ევოლუციას“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

ჯანმოს გენერალური დირექტორის კომენტარი დანიაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების მოხსნას მოჰყვა. გებრეიესუსის თქმით, შემაშფოთებელია ვირუსის გავრცელების ტემპიც. 10 კვირის შემდეგ, რაც „ომიკრონის“ შტამი პირველად დააფიქსირეს, უკვე 90 მილიონ შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ზოგიერთ ქვეყანაში გაჩენილი მოსაზრებით, რომ ვაქცინაციის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებისა და დამძიმების ნაკლები რისკის გამო, ვირუსის გავრცელების შეჩერება შეუძლებელია და საჭიროდაც აღარ მიიჩნევა“, – თქვა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ტედროს გებრეიესუსის თქმით, მიუხედავად ნაკლები ლეტალობის მაჩვენებლისა, ვირუსის ფართო გავრცელება მეტი ადამიანის სიკვდილსაც ნიშნავს. ამიტომ ეს მოსაზრება, რომ დროა, თავი დავანებოთ მისი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, სიმართლისგან შორსაა.

„ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას თავისი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.