„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დაბა ჩაქვში აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს, რომელიც სამართალდამცავებმა მოგვიანებით ჩამოხსნეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებისა და პარლამენტში იმ საკანონმდებვლო ცვლილებების ჩაგდების გამო, რომლითაც ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან უნდა გადასულიყო.

„სიმბოლურად ჩამოვკიდეთ ბოქლომი, ეს პროცესები გაგრძელდება. გუჯას 13-დღიანი პატიმრობა ვერაფერს დააკლებს. ის გამოვა და ბრძოლას გავაგრძელებთ“ – განაცხადა, „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, გია დიასამიძემ, რომელმაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

მაუწყებლის ცნობით, უმაღლესი საბჭოს შენობასთან პარტიის წევრები და აქტივისტები დილიდან მივიდნენ. ადგილზე იყო პოლიციაც. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ შენობას სახელმწიფო დაცვა იცავდა, მათ ჭიშკრამდე ვერ მიუშვებდნენ, ბოქლომის ჩამოკიდება კი, მხოლოდ ღობეზე შეეძლოთ.

აქციის მონაწილეები ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ბაგრატიონი 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, დილიდან პარტია „ევროპული საქართველო“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების „დაბოქლომების“ აქციას მართავს. აქცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში თითქმის ერთდროულად დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. პარტიის წარმომადგებლები აცხადებენ, რომ პოლიცია და დაცვის სამსახურის თანამშრომლები მათ აქციის გამართვაში ხელს უშლიან.