ნათელაშვილის და ხაბეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

კომიტეტი საკითხს ბიუროზე დასარეგისტრირებლად გადაგზავნის. უკვე ცნობილია, რომ პლენარული სხდომა, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი გავა კენჭის საყრელად, 2 თებერვალსაა ჩანიშნული.

ხვალ, 28 იანვარს, ამავე კომიტეტის სხდომაზე დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადების განხილვა იგეგმება.

მმართველი გუნდი ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო საქმიანობაში.

გუშინ, 26 იანვარს, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას:

„ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას“   დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად, ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“,  ნათქვამია განცხადებაში.