NATO-ს 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრების მხარდაჭერასთან დაკავშირებით წინა წლის მსგავსი ჩანაწერი აღარ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ალიანსს კითხვით მიმართა „ინტერპრესნიუსმა“. გამოცემასთან ნატოს ოფიციალური პირი განმარტავს:
„თავის პირველ ყოველწლიურ ანგარიშში, გენერალურმა მდივანმა რუტემ გადაწყვიტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი, ლაკონიური და ფოკუსირებული დოკუმენტი ჰქონოდა, რაც შეესაბამება ნატო-ს ყურადღებას არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე. შედეგად, 2024 წლის ანგარიშში არ შედის მრავალი თემა და დეტალი. ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას“.
გამოცემასთან ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს ტრაექტორიით, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის დროს და შემდეგ უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღების და პოლარიზაციის გაზრდის შემდეგ“, ასევე „მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით“.
მისივე განმარტებით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ნატო-მ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა:
„სულ 17 ინიციატივიდან 5 ამჟამად შეჩერებულია და შემდგომ შეტყობინებამდე არ განახლდება (სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და სასწავლო ობიექტები); დარჩენილი 12 ინიციატივიდან 2 გარკვეული ადაპტაციით გრძელდება (სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები და სამხედრო პოლიცია)“.
NATO-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ 10 ინიციატივა უცვლელად გაგრძელდება, სამი კი წარმატებით დასრულდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში“, – ამბობს „ინტერპრესნიუსთან“ ოფიციალური პირი.