NATO-ს სჭირდება საქართველო - პლურალისტური პარლამენტით და დამოუკიდებელი სასამართლოთი - კელი

პუბლიკა

აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომ NATO-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს NATO.

„NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო პლურალისტური პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ხელისუფლებით, რომელიც ორივესთან ანგარიშვალდებულია. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს“, – წერს იან კელი Twitter-ზე.

კელის კომენტარი იყო პასუხი ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს შესახებ 4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფუძნების 72 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.

ღარიბაშვილის განცხადებით, NATO-კენ სწრაფვა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წვლილი შეიტანა და პრინციპი – „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ კიდევ უფრო გააღრმავა.

ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია და ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას მას უთხრა, რომ საქართველოს NATO-ში დაწინაურების დრო დადგა.

„დღეს საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. მე უკვე განვაცხადე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს NATO-ში დაწინაურების დრო დადგა.

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ NATO-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“, – განაცხადა პრემიერმა 4 აპრილს.