ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება - რას ამბობს სამინისტრო

პუბლიკა

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია იგეგმება. გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია თემო სუყაშვილმა გაავრცელა. ის ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი იყო.

სუყაშვილს აცნობეს, რომ მინისტრის მოადგილის, ხათუნა თორთლაძის 2025 წლის 29 მაისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე:

„2025 წლის 1 ივლისიდან, იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ის ერთი თვით ადრე გააფრთხიელს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ცენტრი „რეორგანიზაციის შედეგად გადმოდის ცენტრალურ აპარატში“.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. საინფორმაციო ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. 2019 წლის სექტემბრიდან ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირია. როგორც მათ საიტზეა მითითებული, ცენტრის დაარსების მიზანი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის „ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო, 2013 წლიდან კი, ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები“.