ნავალნის პრეს-სპიკერი: გვითხრეს, რომ ცხედარს კიდევ 14 დღე არ გადმოგვცემენ

პუბლიკა

რუსეთის ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრეს-მდივნის თქმით, მის ცხედარს ოჯახს კიდევ 14 დღე არ გადასცემენ.

კირა იარმიშმა X-ზე დაწერა:

„გამომძიებლებმა ადვოკატებს და ალექსეის დედას უთხრეს, რომ ცხედარს არ გადასცემენ – ის კიდევ 14 დღე იქნება ერთგვარი „ქიმიური ექსპერტიზის“ ქვეშ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნავალნის ცხედარს მალავენ მკვლელობის კვალის წასაშლელად. 14-დღიანი „ქიმიური ტესტი“ უხეში ტყუილი და დაცინვაა”.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.

როგორც დღეს, 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს და უთხრეს, რომ ცხედარი იქ არ არის, ხოლო ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი სავარაუდოდ გულის გაჩერებით არის გარდაცვლილი, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.

მედიაზონამშეისწავლა 16-17 თებერვლის ღამით იმ ლაივ კამერების ჩანაწერები, რომლებიც იმ გზაზეა განთავსებული, რომელიც ხარპის სასჯელაღსრულების კოლონიას ქალაქ სალეხარდთან აკავშირებს. ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა ამ ორ გეოგრაფიულ წერტილს შორის.

მედიაზონამ” აღმოაჩინა 4 მანქანისგან შემდგარი კოლონა, მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურს ეკუთვნის. მანქანები კვეთდნენ მდინარე ობის ყინულის გადასასვლელს სალეხარდისკენ.

„მანქანების გადაადგილების დრო გვაფიქრებინებს, რომ ნავალნის ცხედარი სწორედ ამ კოლონით გადაასვენეს სალეხარდში”. – დაწერა გამოცემამ.