Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია განთავსდა

პუბლიკა

Netflix-ზე ქართველი სცენარისტის, დრამატურგის, რეჟისორისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო. ფილმი „იცი, დედა, სად ვიყავი?“ სტრიმინგ სერვისზე სახელწოდებით „რეზო“ გამოჩნდა.

ფილმის მხატვარი და სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა, რეჟისორი ლევან გაბრიაძე, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი ტიმურ ბეკმამბეტოვი.

ანიმაციური ფილმი Netflix-ის პლატფორმაზე რუსულადაა ხელმისაწვდომი, თან დართული აქვს რუსული და ინგლისური სუბტიტრები.

ანიმაცია რუსეთის სახელით ამერიკული კინოდაჯილდოებაზე, „ოსკარზე“ წარსადგენთა მოკლე სიაში მოხვდა, თუმცა, საბოლოოდ, ნომინანტებს შორის ადგილი ვერ დაიკავა.

ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება, მთავარი მოქმედი გმირი თავად რეზო გაბრიაძეა – ბავშვი, რომელიც იმ პერიოდის ყოფაზე დეტალურად მოგვითხრობს.

რეზო გაბრიაძე გამორჩეული ქართველი სცენარისტია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ფილმები, როგორიცაა გიორგი დანელიას – „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“; შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და ა.შ.

გაბრიაძემ 1981 წელს დააარსა თბილისის მარიონეტების თეატრი, დღემდე არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი.