ნიღბები საჭიროა სუპერმარკეტებში, მაგრამ არა ქუჩაში სიარულისას - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, რა შემთხვევაშია სასურველი ნიღბების ტარება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახლა, როცა შიდა გავრცელება დადასტურდა, უფრო მეტად ურჩევენ ხალხს ნიღბების გამოყენებას. თუმცა, ქუჩებში ნიღბის ტარება, ცერცვაძის აზრით, ზედმეტია და საჭიროა მხოლოდ იქ, სადაც ხალხის სიმჭიდროვეა.

„როცა ჩვენს ქვეყანაში არ იყო მასობრივი გავრცელება, არ იქნებოდა პროპორციული, რომ ჩვენ ყველასთვის გვერჩია ნიღბების ტარება. ეს არ იყო საჭირო, უბრალოდ დისკომფორტს შემოიტანდა და დამატებით პანიკას დათესავდა.

ახლა, როცა დაიწყო შიდა გავრცელება, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ნაწილობრივ შეიცვლება, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. მე ისევ ვარ დარწმუნებული, რომ ნიღაბი სჭირდება ავადმყოფს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მისგან ნაკლები იყოს ვირუსული ნაწილაკების გამოფრქვევა. აუცილებლად სჭირდება ნიღაბი ყველა იმ პირს, ვინც უვლის ავადმყოფს. სულ ერთია, ეს იქნება ექიმი, ოჯახის ახლობელი, ოჯახის წევრი თუ მომვლელი. ასევე ნიღაბი სჭირდება იმ პირს, ვინც, სავარაუდოდ, ხვდება იმ არეალში, სადაც პოტენციურად შეიძლება ინფიცირებული ხალხი იყოს.

მაგრამ მინდა დავაზუსტო, ვინც გარეთ გამოდის და ქუჩაში მოძრაობს, იქ ნიღაბი არ არის საჭირო. ვინც თავისუფალ სივრცეში მოძრაობს იქ ზედმეტია ნიღაბი. მაგრამ თუ შეხვალთ, მაგალითად, მარკეტში, სადაც სიმჭიდროვეა ზოგჯერ, სადაც რიგებია სალაროსთან, იქ, რა თქმა უნდა, ზედმეტი არაა. ასევე სამსახურებშიც, თუ მისი ინფრასტრუქტურა იძლევა სოციალური დისტანციის საშუალებას, აუცილებელი არაა ნიღაბი, მაგრამ თუ ვერა – მაშინ საჭიროა“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.