ნიკა მელიას მხარდამჭერები ავტოკოლონების მსვლელობით რუსთავის ციხემდე მივიდნენ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონების მსვლელობით მივიდნენ.

როგორც ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა განაცხადეს, ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ ნიკა მელიას გათავისუფლებას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მელია პოლიტიკური პატიმარია.

ენმ-ის  წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მელიას მხარდამჭერები რუსთავში ნიკა მელიას გასამხნევებლად მიდიან:

„დღეს კიდევ ერთხელ ჩავალთ რუსთავში, რომ კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ნიკა მელია. ნიკა მელია კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მისი თავისუფლებით ვინმემ ივაჭროს და გათავისუფლდეს იმის სანაცვლოდ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენს ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს, პასუხი აღარ აგონ”, – განაცხადა ნადირაძემ.