ნონა გაფრინდაშვილი ძალიან კმაყოფილია შედეგით - ადვოკატი Netflix-თან დავის შესახებ

პუბლიკა

„ჩვენ კმაყოფილები ვართ და მოხარულები იმით, რომ ეს შედეგი არის ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებში. ის ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით“, – ასე უპასუხა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, კახაბერ შარაბიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა მოჭადრაკე Netflix-თან შეთანხმების შედეგებით.

კახაბერ შარაბიძემ აღნიშნა, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი და შეთანხმების შემოთავაზება მხარების მიმართ სასამართლოდან იყო.

მისი თქმით, შეთანხმების პირობების შესახებ მხარეები ვერ ისაუბრებენ, რადგან ის მკაცრად კონფიდენციალურია.

„ეს არის მიღებული პრაქტიკა ამ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ჩვენ შეზღუდულნი ვართ პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში და, ასევეა ქალბატონი ნონაც. ყველაფერი, რაც შეთანხმებასა და შეთანხმების პირობებს უკავშირდება, არის კონფიდენციალური და არ შეიძლება, რომ საჯარო იყოს. შეთანხმების ყველა გარემოება, ყველა ნიუანსი არის მკაცრად კონფიდენციალური“, – განაცხადა ადვოკატმა.

დღეს მედიით ცნობილი გახდა, რომ Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა.

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში 2021 წლის სექტემბერში შეიტანა. სარჩელის მიზეზი Netflix-ის სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნათქვამი ფრაზაა, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

მოსარჩელე მხარე კი აცხადებდა, რომ გაფრინდაშვილს სერიალში აღწერილი დროის იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ მოჭადრაკე კაცებთან, მათ შორის, გროსმაისტერებთან უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრები.

ნონა გაფრინდაშვილი აცხადებდა, სერიალში გაჟღერებული ინფორმაცია „სექსისტური და დამამცირებელი იყო“.