ნორვეგია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის

პუბლიკა

ნორვეგიაში აცხადებენ, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების 3 ცალ M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემენ. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინისთვის ამ დახმარების გაწევა დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

ამერიკული წარმოების ეს სისტემები უკრაინას დიდმა ბრიტანეთმაც გადასცა, ამასთან უკრაინელმა არტილერისტებმა M270-ის გამოყენება დიდ ბრიტანეთშივე შეისწავლეს.

თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ შორი მოქმედების არტილერიას მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას M142 HIMARS-ების 4 სისტემა გადასცა და ვაშინგტონში დააანონსეს, რომ კიევი მალე კიდევ 4 ცალს მიიღებს.

თავდაპირველად, HIMARS-ებისა და M270-ების მიწოდებას რუსეთისგან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. მოსკოვში ვაშინგტონს დაემუქრნენ კიდეც და გააფრთხილეს, რომ კიევისთვის ეს სისტემები არ გადაეცათ.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სარაკეტო სისტემები მაინც გადასცეს იმ ტიპის რაკეტებით, რომელთაც სამიზნის განადგურება 70-80 კილომეტრზე შეუძლიათ. ბოლო დღეებში საომარ მოქმედებებში მათი ჩართვის შესახებაც გახდა ცნობილი. უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდემასალა, რომელშიც ჩანს, რომ HIMARS-ებს რუსულ პოზიციებზე იერიში მიაქვთ.

სავარაუდოდ, სწორედ HIMARS-ებით დაბომბეს უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ რუსული პოზიციების ზურგში არსებული სამხედრო ობიექტები, რომლებსაც საოკუპაციო ძალებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.


M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M142 HIMARS-ის წინამორბედი და მისი უფრო მძიმე ანალოგია.

ორივე სისტემა მულტიკალიბრულია, ანუ სხვადასხვა კალიბრის რაკეტის სროლა შეუძლიათ. მთავარი განსხვავება ისაა, რომ HIMARS-ის სისტემა მუხლოხოებიანი მძიმე შასის ნაცვლად, ბორბლებიანზეა განთავსებული, მსუბუქია და სწრაფად გადაადგილება შეუძლია, მაგრამ ორი ტურბინის ნაცვლად მხოლოდ ერთი აქვს.

შესაბამისად, M270-ს 227 მმ კალიბრის თორმეტი და 2 ოპერატიუ-ტაქტიკური რაკეტის სროლა შეუძლია, HIMARS-ს კი ექვსი 227 მმ კალიბრის და ერთი ოპერატიუ-ტაქტიკური რაკეტის სროლა.